მას შემდეგ, რაც ემბრიონი საშვილოსნოში გადააქვთ, ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა ემბრიონმა ვერ შეძლოს მისი ბუნებრივი გარსის გარღვევა, რაც გამორიცხავს წარმატებული იმპლანტაციის და ორსულობის დადგომის შესაძლებლობას.
ამგვარი გართულების თავის ასარიდებლად წინასწარ ტარდება დამხმარე ჰეთჩინგი. პროცედურა ტარდება მიკრო-ინსტრუმენტების გამოყენებით, რომელიც ნაწილობრივ არღვევს გარსს, რითაც ხელს უწყობს ემბრიონის ჰეთჩინგს.
დამხმარე ჰეთჩინგი ასევე გამოიყენება პრეიმპლანტაციური ტესტირების დროს ბიოლოგიური მასალის მისაღებად. დამხმარე ჰეთჩინგი ტარდება ინ ვიტრო განაყოფიერების დროსაც, თუ პროცედურის სამედიცინო ჩვენება არსებობს.
როგორ გამოდის ემბრიონი გარსიდან ბუნებრივ პირობებში
ფოლიკულის შიგნით არსებული კვერცხუჯრედის განვითარების დროს მის გარშემო იქმნება სპეციალური გარსი, რომლის არსებობაც აუცილებელია რამდენიმე მიზეზით:
- იმისათვის, რომ განვითარების საწყის ეტაპზე ემბრიონი უჯრედები ერთად იყოს, რადგან ამ ეტაპზე უჯრედშორისი კავშირები არ არსებობს;
- რათა დაიცვას ემბრიონი უარყოფითი გარე ფაქტორებისგან;
- იმისთვის, რომ მხოლოდ ერთმა სპერმატოზოიდმა შეაღწიოს კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში.ამგვარად, გარსი გარკვეული დროის განმავლობაში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, თუმცა განაყოფიერებიდან 5-7 დღის შემდეგ ემბრიონი უნდა გამოვიდეს გარსიდან და საშვილოსნოს კედელს მიემაგროს. გარსიდან ემბრიონის გამოსვლის პროცესს, რასაც შესაძლოა ერთი დღე დასჭირდეს, ჰეთჩინგს უწოდებენ.
ინ ვიტრო განაყოფიერების დროს დამხმარე ჰეთჩინგის ჩვენებები
ამ მიკრომანიპულაციის გამოყენება მიზანშეწონილია თუ:
- ინ ვიტრო განაყოფიერება არაერთხელ დასრულდა წარუმატებლად კარგი ხარისხის ემბრიონის და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მდგომარეობის მიუხედავად;
- ემბრიონის გარსი ძალიან ან არათანაბრად სქელია;
- ემბრიონები სასურველზე დაბალი ხარისხისაა;
- დაგეგმილია კრიოტრანსფერი;
- დაგეგმილია პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება (PGT)
დამხმარე ჰეთჩინგის გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს ორსულობის დადგომის ალბათობა პაციენტის გარკვეული ჯგუფებისთვის, თუმცა პროცედურის ჩვენების გარეშე ჩატარება არ ამცირებს ინ ვიტრო განაყოფიერების ეფექტურობას. თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში მიკრომანიპულაციის აუცილებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ემბრიოლოგი.
იმპლემენტაციის ტექნიკა
ამ მეთოდის გამოყენება 30 წელია ხდება და შესაბამისად, ამ დროის მანძილზე კვერცხუჯრედის გამჭვირვალე გარსის, იგივე ზონა პელუციდას გაჭრის ტექნიკები განვითარდა.
ამჟამად დამხმარე ჰეთჩინგის შემდეგი ტიპები გამოიყენება:
- მექანიკური: ამ ტექნიკის დროს, ემბრიოლოგი მიკროინსტრუმენტების გამოყენებით ორ პუნქციას ატარებს;
- პიეზო-მექანიკური: ტექნიკა გულისხმობს მიკრო ვიბრაციების გამოყენებას ემბრიონის გარსზე ჩაღრმავების გასაკეთებლად;
- ენზიმატური: ამ ტექნიკის გამოყენებისას, სპეციალისტი იყენებს გარსის გამათხელებელს;
- ლაზერული: ამ შემთხვევაში ორ განსხვავებულ მეთოდს ვხვდებით. ერთ შემთხვევაში ლაზერის სხივი გარსს პერპენდიკულარულად მიემართება და ქმნის ჭრილს. მეორე შემთხვევაში სხივი ირიბად მიემართება, რაც გარსის გათხელებას იწვევს.