ინვიტრო განაყოფიერების მეთოდი (IVF) - რეპროდუქციული ფუნქციის ძალიან სერიოზული დარღვევების მქონე პაციენტებსაც კი, აძლევს შესაძლებლობას გახდნენ მშობლები. თუმცა, არსებობს რამდენიმე უკუჩვენება, რომელიც ხელს უშლის პროცედურის ჩატარებას:
- გართულებების მაღალი რისკი.
- პროგრამის წარმატების უკიდურესად დაბალი შანსები.
უკუჩვენებები შეიძლება იყოს:
- აბსოლუტური - რაც საერთოდ გამორიცხავს IVF-ის ჩატარენას. (მაგალითად, საშვილოსნოს არარსებობა).
- შედარებითი - როდესაც არის დროებითი შეზღუდვები. პროგრამა შეიძლება ჩატარდეს მომავალში, როდესაც შესაბამისი ფაქტორები აღმოიფხვრება. (მაგალითად, ქრონიკული მდგომარეობის გადასვლა რემისიაში, გამწვავების შემდეგ).
უკუჩვენებები ქალის მხრიდან
ინვიტრო განაყოფიერება აკრძალულია, თუ:
- პაციენტს აღენიშნება მძიმე პათოლოგიები, რომლებიც გავლენას ახდენენ სხეულის სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე.
- არსებობს ანატომიური ანომალიები, რომლებიც შეუძლებელს ხდის ემბრიონის გადატანას და/ან ორსულობას (მაგალითად, საშვილოსნოს აპლაზია ან საშოს თანდაყოლილი არარსებობა).
- გამოვლენილია ონკოლოგიური დაავადება. როგორც წესი, პროგრამა არ ტარდება სტაბილური რემისიის დროსაც კი.
- არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული დარღვევები (როგორიცაა შიზოფრენია ან ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა).
აუცილებელია პროგრამის გადადება, თუ:
- პაციენტს აღენიშნება ინფექციური დაავადება (მიუხედავად პათოლოგიური პროცესის ადგილმდებარეობისა).
- აღინიშნება ქრონიკული მდგომარეობის გამწვავება.
- პაციენტს ახლო წარსულში ჩაუტარდა ოპერაცია ან განიცადა ტრავმა.
- რეპროდუქციულ ორგანოებში გვხვდება კეთილთვისებიანი წარმონაქმნები. მაგალითად, IVF-მდე, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ სუბმუკოზური ფიბროიდის ამოღება (სიმსივნე, რომელიც მდებარეობს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ქვეშ და იზრდება მისი ღრუს მიმართულებით). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილებას ქირურგიული ჩარევის აუცილებლობის შესახებ,იღებს მკურნალი ექიმი, გამოკვლევის შედეგების საფუძველზე.
უკუჩვენებები მამაკაცის მხრიდან
ინვიტრო განაყოფიერება არ არის რეკომენდებული, თუ:
- მამაკაცს აქვს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები. პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია მას შემდეგ, რაც პაციენტი დაასრულებს მკურნალობის სრულ კურსს, ხოლო განმეორებითი გამოკვლევა აჩვენებს სგგი-ის გამომწვევი პათოგენების არარსებობას.
- საგრძნობლად დაქვეითებულია ეაკულატის ხარისხი, რაც დასტურდება მინიმუმ ორი გამოკვლევის შედეგებით. თუ სპერმის განაყოფიერების უნარი უმნიშვნელოდ არის დაქვეითებული, შესაძლოა კონსერვატიული თერაპიაც საკმარისი იყოს. ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსისა და მედიკამენტების მიღება, ნორმალური ფიზიკური აქტივობის შენარჩუნება, ძილისა და დასვენების რეჟიმის დარეგულირება, თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარების შეწყვეტა, დაბალანსებული კვება. უფრო რთულ შემთხვევებში, ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია (ICSI) შესაძლოა უკეთესი არჩევანი იყოს. ემბრიოლოგი ირჩევს საუკეთესო გამეტებს და შემდეგ, თითოეული მათგანი შეჰყავს კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში. ზოგჯერ, სპერმატოზოიდები არ არის გამოვლენილი სათესლე სითხეში, მაგრამ მათი ამოღება შესაძლებელია სათესლე ჯირკვლის ან ეპიდიდიმისის ქსოვილიდან ბიოფსიის საშუალებით.
- გამეტების არარსებობა. ასეთ შემთხვევაში ეფექტურია IVF პროგრამები დონორის სპერმით.
თუ მამაკაცს ავთვისებიანი დაავადება დაუდგინდა, გენეტიკური მასალა უნდა შეგროვდეს მკურნალობის დაწყებამდე, სპერმატოგენეზზე ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის უკიდურესად მავნე ზემოქმედების გამო.
IVF და გენეტიკური დარღვევები
მემკვიდრული და ქრომოსომული დარღვევების მქონე ბავშვის დაბადების მაღალი რისკი, არ წარმოადგენს უკუჩვენებას ინვიტრო განაყოფიერების დროს.
უფრო მეტიც, ასეთ შემთხვევებში IVF რეკომენდირებულია ისეთი წყვილებისთვისაც კი, რომელთა რეპროდუქციული ფუნქცია არ არის დაქვეითებული. ამ დროს IVF ეფექტურია, რადგან მიღებული ემბრიონების გენეტიკური ტესტირება ტარდება ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანამდე.
პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება (PGT) იძლევა მონოგენური დაავადებების გამორიცხვისა და კარიოტიპის განსაზღვრის საშუალებას. ამრიგად, ექიმებს აქვთ შესაძლებლობა,საშვილოსნოში გადაიტანონ მხოლოდ ის ემბრიონები, რომლებშიც ანომალიები არ ვლინდება.
ზოგიერთ შემთხვევაში, რეკომენდებულია IVF დონორის გენეტიკური მასალით, რადგან ბავშვს თავიდან ავაცილოთ სხვადასხვა გენეტიკური დაავადება.
IVF და ქრონიკული პათოლოგიები
ორსულობა საკმაოდ რთული პროცესია სრულიად ჯანმრთელი ქალისთვისაც კი. ქრონიკული დაავადებების არსებობის შემთხვევაში, გესტაციის პერიოდში, დაავადების გამწვავების რისკი იზრდება. ეს ეხება იმ პათოლოგიებსაც კი, რომლებიც წარმატებით კონტროლდებოდა წლების მანძილზე.
ამრიგად, ორსულობის დაგეგმვა (მათ შორის მაღალტექნოლოგიური მეთოდების გამოყენება) ქრონიკული დაავადებების არსებობისას განსაკუთრებულ ყურადღებასა და სერიოზულ მომზადებას მოითხოვს.
ქალებს, რომელთაც უნაყოფობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ, ძირითად შემთხვევაში, აქვთ მენჯის ორგანოების ქრონიკული დაავადებები. მაგალითად, გახანგრძლივებული ენდომეტრიტის შემთხვევაში, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ხარისხი საგრძნობლად უარესდება, რაც საგრძნობლად ამცირებს ემბრიონის წარმატებული იმპლანტაციის შანსებს. ინვიტრო განაყოფიერებამდე, აუცილებელია მკურნალობის კურსის გავლა, რომელიც მიზნად ისახავს პათოგენების აღმოფხვრასა და ენდომეტრიუმის ნორმალური სტრუქტურის აღდგენას.
ინვიტრო განაყოფიერება უკუნაჩვენებია მძიმე დაავადებების არსებობისას, რომლებიც გავლენას ახდენენ სხეულის სხვადასხვა ორგანოზე, მათ შორის:
- გულის თანდაყოლილი მანკები;
- ძვლებისა და ხერხემლის დეგენერაციული დისპლაზია;
- პროგრესირებადი სისტემური სკლეროზი;
- სწრაფად პროგრესირებადი რევმატოიდული ართრიტი;
- ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობა;
- ნაწლავის ობსტრუქცია და სხვა.
ქრონიკული პათოლოგიის არსებობისას, ART მეთოდებით მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი, რომელიც აფასებს ქალისა და მომავალი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გართულებებს. ინვიტრო განაყოფიერება, ტარდება მხოლოდ სტაბილური რემისიის პერიოდში.
თუ IVF წყვილისთვის უკუნაჩვენებას წარმოადგენს, რეპროდუქციული სპეციალისტი სუროგაციის პროცედურას გირჩევთ.