საქართველო, თბილისი, 33 კრწანისის II შესახვევი

GE

საკვერცხეების დისფუნქცია

16.05.2024
logo
 საკვერცხეების დისფუნქცია

ტერმინი „დისფუნქცია“ გულისხმობს ფუნქციონირების დარღვევას, რომელიც გამოწვეულია ჰორმონალური დისბალანსით. ქალის რეპროდუქციული სისტემა საკმაოდ რთულადაა მოწყობილი. რეგულარული მენსტრუალური ციკლი, აუცილებელია წარმატებული ორსულობის მისაღწევად და საშვილოსნოს კედელში ემბრიონის იმპლანტაციის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, მენსტრუალური ციკლის დარღვევამ შესაძლებელია გამოიწვიოს ჩასახვასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა.

ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზის სისტემის მოშლა იწვევს ჰიპოფიზის ჰორმონების (ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონისა და მალუთეინიზებელი ჰორმონის) დონის ცვლილებას და, შესაბამისად, საკვერცხეების დისფუნქციას. ეს ნიშნავს იმას, რომ ოვულაცია შეიძლება არ მოხდეს კონკრეტულ ციკლში და ყვითელი სხეული, რომელიც ჩვეულებრივ წარმოიქმნება დომინანტური ფოლიკულის ადგილას, არ განვითარდეს. შედეგად ირღვევა ესტროგენისა და პროგესტერონის სინთეზი, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება ენდომეტრიუმის მდგომარეობაზე.

სიმპტომები

თუ საკვერცხის ნორმალური ფუნქციონირება დარღვეულია, ქალებმა შეიძლება შენიშნონ შემდეგი პრობლემები:

  • არარეგულარული ციკლი, მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობის ცვლილებები,  სისხლიანი გამონადენი მენსტრუაციამდე ან მის შემდეგ. 
  • მენსტრუაციის არარსებობა ექვსი თვის ან მეტი ხნის მანძილზე.
  • უნაყოფობა.
  • დაორსულებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც გამოწვეულია ციკლში ოვულაციის არარსებობით.(ეს მდგომარეობა, ქალების ექიმთან ვიზიტის საკმაოდ ხშირი მიზეზია.)
  • გართულებული ორსულობა, რომელიც შეიძლება დასრულდეს სპონტანური აბორტით.
  • PMS-მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქალი განიცდის პრემენსტრუალურ სინდრომს, სიმპტომები მეტად გამოხატულია საკვერცხეების ფუნქციის დარღვევის დროს. პაციენტები ხშირად უჩივიან განწყობის უეცარ ცვალებადობას, ძლიერ თავის ტკივილსა და გულისრევის შეგრძნებას.
  • საკვერცხეების დისფუნქციის დროს, ქალის ორგანიზმში იზრდება მამრობითი სქესის ჰორმონების წარმოქმნა. შესაბამისად, ქალებმა შეიძლება შენიშნონ თმის ზრდა სახეზე, ზურგსა და მუცელზე, ხშირ შემთხვევაში ვითარდება აკნეც, პაციენტის კანი და თმა უფრო მეტად ცხიმიანი ხდება.

საკვერცხეების დისფუნქციის მიზეზები

საკვერცხის ნორმალური ფუნქციის დარღვევას იწვევს:

  • სხვადასხვა ინფექციური და ანთებითი პროცესები რეპროდუქციულ ორგანოებში (როგორიცაა ოოფორიტი, ადნექსიტი და სხვა).
  • ენდოკრინული პათოლოგიები (მაგალითად სიმსუქნე ან ჰიპოთირეოზი).
  • ინდუცირებული იგივე ხელოვნური ან სპონტანური აბორტი.
  • ნევრასთენია
  • გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა.
  • ანთებითი პროცესები საშვილოსნოში, საშვილოსნოსშიდა ხელსაწყოს (IUD) შეყვანის შემდეგ.
  • რადიაციული ზემოქმედება (რადიოაქტიური გამოსხივების ეფექტი).
  • გარკვეული მედიკამენტების გამოყენება.

საკვერცხეების დისფუნქციის სახეები

პათოლოგიის განვითარების ასაკიდან გამომდინარე, საკვერცხეების დისფუნქცია იყოფა შემდეგ ტიპებად:

  • იუვენილური: ჩნდება მენსტრუალური ფუნქციის დაწყების პერიოდში. დამახასიათებელი სიმპტომებია დისმენორეა, არარეგულარული ციკლი და მძიმე მენსტრუალური სისხლდენა.
  • რეპროდუქციული: როგორც წესი, დაკავშირებულია არარეგულარულ მენსტრუალურ ციკლთან და მენსტრუალური ნაკადის მოცულობის ცვლილებებთან (სისხლის მოცულობა გაზრდილი ან შემცირებულია).
  • პრემენოპაუზური: ვითარდება საკვერცხის ფუნქციის დაქვეითების პერიოდში.

საკვერცხეების დისფუნქციის დიაგნოსტირება

პირველადი კონსულტაციის დროს, ექიმი პაციენტს გაესაუბრება მენსტრუალური ციკლის დეტალებზე და წარსულში არსებულ დაავადებებზე. მნიშვნელოვანია ექიმს თქვენი სიმპტომები დეტალურად აღუწეროთ, რათა მან შეძლოს სწორი დიაგნოზის დასმა. 

სამედიცინო ისტორიის შეგროვების შემდეგ ექიმი ჩაატარებს მცირე მენჯის ღრუს გამოკვლევას.

შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი კვლევებიც, მათ შორის:

  • ულტრაბგერითი კვლევა: რეპროდუქციული და ენდოკრინული სისტემის ორგანოების გამოკვლევისათვის.
  • მიკროსკოპული გამოკვლევა: საშოს ნაცხის შესამოწმებლად.
  • ჰორმონალური კვლევა: სხვადასხვა ჰორმონის დონის შესაფასებლად.
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ტესტები: სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გამოსარიცხად.
  • ჰისტეროსკოპია: ინოვაციური პროცედურა, რომელიც ტარდება ამბულატორიულ პირობებში. საშვილოსნოს ღრუს მდგომარეობის დეტალური შეფასებისათვის განოიყენება პატარა ზომის სკოპი (კამერა), პროცედურა უმტკივნეულოა და რაც მთავარია, გვაძლევს ამომწურავ ინფორციას საშვილოსნოში არსებული პათოლოგიური პროცესების შესახებ.
  • საშვილოსნოს კიურეტაჟი: მასალის აღება ბიოფსიისათვის საშვილოსნოს ღრუდან და საშვილოსნოს ყელიდან. ჰისტეროსკოპია და კიურეტაჟი შეიძლება ჩატარდეს ერთდროულად, რათა მივიღოთ უფრო ამომწურავი ინფორმაცია.
  • კომპიუტერული და/ან მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია: ჰიპოფიზის ჯირკვლის ორგანული პათოლოგიის გამოსარიცხად.

საკვერცხეების დისფუნქციის მკურნალობა

მკურნალობა ფოკუსირებულია:

  • დაავადების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაზე;
  • ჰორმონალური დისბალანსის გამოსწორებასა და მენსტრუალური ციკლის მოწესრიგებაზე; 
  • მენსტრუაციათა შორის შუალედებში სისხლდენის მკურნალობაზე (მათი არსებობის შემთხვევაში).

ეფექტურ მკურნალობის გეგმას განსაზღვრავს ექიმი, მას შემდეგ რაც შეაგროვებს ყველა საჭირო ინფორმაციას, რაც მკურნალობის მეთოდის შემუშავებაში სჭირდება.  მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს:

  • კონსერვატიულ თერაპიას: რაც ხშირად გულისხმობს ჰორმონალურ თერაპიას. თუ მენჯის ღრუს ორგანოების ინფექციური ან ანთებითი დაავადებები დადასტურდება, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ანტიბიოტიკოთერაპია და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. ასევე, შესაძლოა მოგცეთ რეკომენდაციები კვებისა და ცხოვრების წესის შეცვლასთან დაკავშირებით, დაგინიშნოთ ფიზიოთერაპია ან ზოგადი გამაჯანსაღებელი საშუალებები.
  • ქირურგიულ ჩარევას: თუ საკვერცხის დისფუნქცია გამოწვეულია ჰიპოფიზის ჯირკვალში სიმსივნით ან სხვა სტრუქტურული პრობლემებით, შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.

ექიმის კონსულტაციის გარეშე, ნებისმიერი სხვა საშუალების გამოყენება, რეკომენდირებული არ არის, რადგან თვითმკურნალობამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს თქვენს ჯანმრთელობაზე.

თუ შეამჩნევთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთს მაინც, აუცილებლად დანიშნეთ გინეკოლოგთან კონსულტაცია.

გართულებები

თუ პაციენტი დროულად არ გაივლის რეკომენდებული მკურნალობის კურსს, იზრდება შემდეგი მდგომარეობების განვითარების რისკი:

  • ფიბროიდების ფორმირება: ფიბროიდები შეიძლება ჩამოყალიბდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილში.
  • ენდომეტრიოზის განვითარება: ხდება მაშინ, როდესაც საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის უჯრედები საშვილოსნოს ღრუს მიღმა ვრცელდება.
  • მასტოპათიის განვითარება: მასტოპათია სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებაა, რომელსაც თან ახლავს მკერდში ტკივილისა და დაჭიმულობის შეგრძნება.
  • ძუძუსა და საშვილოსნოს კიბოს განვითარება: მკურნალობის გადადების შემთხვევაში ამ სიმსივნეების განვითარების რისკი იზრდება.
  • რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითება: დაგვიანებულმა მკურნალობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს დაორსულებასა და ორსულობის შენარჩუნებაზე.

შესაძლებელია თუ არა საკვერცხეების დისფუნქციის პრევენცია?

საკვერცხის დისფუნქციის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია:

  • დაიცვათ ჯანსაღი დიეტა და აკონტროლოთ წონა: სათანადო კვება და წონის მართვა მნიშვნელოვანია ზოგადი ჯანმრთელობისთვის.
  • მოერიდეთ სტრესს: შეძლებისდაგვარად შეეცადეთ მართოთ და შეამციროთ სტრესის დონე.
  • რეგულარულად ეწვიეთ გინეკოლოგს: წელიწადში ერთხელ მაინც გაიარეთ მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია. ბევრი პათოლოგიური მდგომარეობა შეიძლება მიმდინარეობდეს სიმპტომების გარეშე, მომავალში კი შესაძლოა სერიოზული გართულებების მიზეზი გახდეს.
  • გამოიყენეთ ჰორმონალური კონტრაცეპტივები (COC) მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ: თუ განიხილავთ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს, წინასწარ გაიარეთ კონსულტაცია გინეკოლოგთან. არ მიიღოთ კონტრაცეპტივები ექიმის რეკომენდაციის გარეშე. 
  • ჩაიტარეთ სრულფასოვანი მკურნალობა ენდოკრინული დარღვევების არსებობის შემთხვევაში: აუცილებლად მიჰყევით ექიმის რეკომენდაციებს და გაიარეთ მკურნალობის სრული კურსი. 

icon
გსურთ კონსულტაციაზე ჩაწერა?


Back to the list

European Fertility Clinic
Krtsanisi II Line, 33 Georgia, Tbilisi
+995 322-009-000, client@efclinic.ge