ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანა ინ ვიტრო განაყოფიერების ბოლო ეტაპია. იგი გულისხმობს ემბრიონების საშვილოსნოს ღრუში გადატანას სპეციალური კათეტერის გამოყენებით.
ტრანსფერის შემდგომი შეგრძნებები: ემბრიონის გადატანის შემდეგ შესაძლებელია განიცადოთ სხვადასხვაგვარი შეგრძნებები, მათ შორის სპაზმური ტკივილები, სისხლიანი გამონადენი ან მენჯის არეში სისავსის შეგრძნება. ეს სიმპტომები ემბრიონის გადატანის შემდეგ სავსებით ნორმალურია.
ორსულობის ტესტი: ემბრიონის გადატანიდან დაახლოებით 10-14 დღის შემდეგ ტარდება სისხლში ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (hCG) კონცენტრაციის კვლევა. ეს ტესტი გამოიყენება ორსულობის დასადასტურებლად.
ემბრიონის განვითარება ტრანსფერის შემდეგ
უმეტეს შემთხვევაში, ემბრიონის გადატანა ხდება განაყოფიერებიდან მეხუთე დღეს. ბუნებრივი განაყოფიერების პირობებში, ემბიონს სწორედ ეს დრო სჭირდება იმისათვის, რომ საშვილოსნომდე მიაღწიოს.
ემბრიონის გადატანის შემდეგი დღე: გადატანის მომდევნო დღეს, ბლასტოცისტი გამოდის გამჭვირვალე გარსიდან (Zona pellucida) - ეს არის დამცავი გარსი, რომელიც გადამწყვეტია ემბრიონის განვითარების ადრეულ ეტაპებზე.
ემბრიონის გადატანიდან ორი დღის შემდეგ: იწყება იმპლანტაციის პროცესი მას შემდეგ, რაც ბლასტოცისტი იწყებს საშვილოსნოს ლორწოვან გარსში ჩანერგვას.
იმპლანტაციის დასრულება: გადატანიდან მეოთხე დღისთვის იმპლანტაცია დასრულებულია. ამ ეტაპზე ემბრიონი გასტრულის სტადიაშია და აქტიურად იწყებს ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (hCG) გამომუშავებას. hCG-ის დონე ეტაპობრივად იზრდება, პირველი ტრიმესტრის დასრულებამდე კი მისი დონე ყოველდღიურად ორმაგდება.
შეგრძნებები ემბრიონის გადატანის შემდეგ
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არ არსებობს შეგრძნებების კონკრეტული სია, რომელიც უნდა განიცადოს პაციენტმა ემბრიონის გადატანის შემდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა პაციენტი ერთმანეთისაგან განსხვავებული და ინდივიდუალურია, შეგრძნებების აღქმაც განსხვავებულია:
- ემოციური არასტაბილურობა: განწყობის ან ემოციური მდგომარეობის ცვლილებები.
- დღის ძილიანობა: მომატებული დაღლილობა ან ძილიანობა დღის განმავლობაში.
- გულისრევა: ზოგიერთ ქალს აღენიშნება როგორც გულისრევა, ისე ღებინება.
- სპაზმური ტკივილები: მსუბუქი სპაზმური ტკივილი,რომელიც ლოკალიზებულია მუცლის ქვედა ნაწილში.
- გახშირებული შარდვა: შარდვის მომატებული სიხშირე დღე-ღამის მანძილზე
- მკერდისმხრივი ცვლილებები: მკერდის გადიდება და მომატებული მგრძნობელობა.
- შეცვლილი გემოვნება: შესაძლოა გაგიჩნდეთ მოთხოვნილება ისეთი საკვების მიმართ, რომელიც აქამდე არასდროს მოგწონდათ, ან პირიქით.
ეს სიმპტომები ხშირად დაკავშირებულია ჰორმონალურ ცვლილებებთან და რეპროდუქტოლოგის მიერ დანიშნული მედიკამენტების ეფექტთან.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ სუბიექტური სიმპტომების არსებობა ან მათი მაღალი ინტენსივობა სულაც არ მიუთითებს ემბრიონის გადატანის პროცესის წარმატებასა და წარუმატებლობაზე.
გამონადენი ემბრიონის გადატანის შემდეგ
ნორმალური ვაგინალური გამონადენი, როგორც წესი, არის გამჭვირვალე, ლორწოვანი და არ აქვს სპეციფიური სუნი.
ემბრიონის გადატანის შემდეგ ვაგინალური გამონადენის სახეები:
- თეთრი ფერის, შედარებით სქელი გამონადენი: ძირითადად დაკავშირებულია ჰორმონალური მედიკამენტების მიღებასთან.
- კრემისებრი ან მოვარდისფრო ელფერის მქონე გამონადენი: ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმპლანტაციისას წარმოქმნილი სისხლდენით, რაც ხდება მაშინ, როდესაც წვრილი სისხლძარღვები ზიანდება ემბრიონის საშვილოსნოს კედელში ჩანერგვის დროს. ასეთი გამონადენის მოცულობა ჩვეულებრივ მინიმალურია და ხანგრძლივობა არ აღემატება 48 საათს. ამ პერიოდის განმავლობაში, შეიძლება აღინიშნოს ზომიერი სიმძლავრის სპაზმური ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში.
ნებისმიერი სხვა ცვლილების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს, რათა გამოირიცხოს მენჯის ღრუს ორგანოებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების არსებობა.
თუ აღგენიშნებათ ძლიერი სისხლდენა, მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ მიმართოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გუნდს.
ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში
დისკომფორტი მუცლის ქვედა ნაწილში ემბრიონის გადატანის შემდეგ შეიძლება დაკავშირებული იყოს:
- კათეტერის ჩადგმასთან: ემბრიონის გადატანის დროს გამოყენებული კათეტერის ზემოქმედებით გამოწვეული დისკომფორტი შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული პერიოდის შემდეგაც კი.
- ჰორმონალურ ცვლილებებთან: ჰორმონალური დისბალანსი, რომელიც გამოწვეულია რეპროდუქტოლოგის მიერ დანიშნული მედიკამენტებით, მედიკამენტები ინიშნება იმისათვის, რომ გაიზარდოს ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატების შანსები.
- ენდომეტრიუმის დაზიანებასთან: ემბრიონის იმპლანტაციის დროს ენდომეტრიუმი შეიძლება უმნიშვნელოდ დაზიანდეს, რაც შემდგომში მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილის მიზეზი ხდება.
- საჭმლის მომნელებელ სისტემაში არსებულ პრობლემებთან: ჰორმონალურმა ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს კუჭ-ნაწლავის სისტემაზე, რაც თავისმხრივ იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა: შებერილობა, ყაბზობა ან დიარეა.
თუ ტკივილის ინტენსივობა გაიზრდება, მნიშვნელოვანია სასწრაფოდ მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას.
შეგრძნებების არარსებობა
შესამჩნევი ცვლილებების არქონა ემბრიონის საშვილოსნოში გადატანის შემდეგ, ნორმალურია. ორსულობა ყოველთვის არ იწვევს გემოვნების მკვეთრ ცვლილებებსა და გულისრევას.
იმის დასადგენად, იყო თუ არა პროცედურა წარმატებული, საჭიროა სისხლში ქორიონული გონადოტროპინის რაოდენობის განსაზღვრა. ეს არის ერთადერთი სარწმუნო გზა იმის დასადასტურებლად, მოხდა თუ არა დაორსულება.
როდის უნდა ჩაიტაროთ სისხლში ქორიონული გონადოტროპინის კვლევა
ენდომეტრიუმში ემბრიონის იმპლანტაციის შემდეგ, სხეული იწყებს სპეციფიური ჰორმონის - ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (hCG) გამომუშავებას. hCG-ის კონცენტრაცია იზრდება ყოველდღიურად და აღწევს პიკს პირველი ტრიმესტრის ბოლოს.
ბევრ ქალს სურს რაც შეიძლება სწრაფად გაარკვიოს, მოხდა თუ არა დაორსულობა. თუმცა, იმისათვის რომ სარწმუნო პასუხი მიიღოთ, დაახლოებით 1 კვირა მოგიწევთ მოცდა.
სისხლის ტესტი: სისხლში hCG-ის დონე როგორც წესი ემბრიონის ტრანსფერიდან კვირანახევრის შემდეგ იზრდება.
შარდის ტესტი: hCG-ის კონცენტრაცია შარდში გაცილებით დაბალია, სისხლთან შედარებით, ამიტომ ორსულობის ტესტები არ არის სარწმუნო ორსულობის ადრეულ ეტაპზე. ტესტის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ hCG-ის გამოვლენის დონეს. რაც უფრო დაბალია hCG-ის გამოვლენის დონე, მით უფრო სწრაფად შეძლებთ ტესტის გამოყენებით სარწმუნო პასუხის მიღებას. საერთო ზღვარი 20-25 mIU/ml-ია, მაგრამ ასევე ხელმისაწვდომია ტესტები რომელთა ზღვარი 15 ან 10 mIU/ml-ს შეადგენს.